თეგი: ინალ არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის, რუსეთი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას ამარტივებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოსკოვში ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს ინალ არძინბას შეხვდა. სააგენტო Apsnypress-ის ცნობით, მხარეებმა ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ, შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებისთვის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მისაღებად გამარტივებული პროცედურის შემოღებას ითვალიწინებს. მანამდე აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურა არ იცვლება. Apsnypress-ის ცნობითვე, ხელშეკრულება ასევე სამხედრო სამსახურსაც ეხება. „პირები, რომლებიც ორივე მხარის მოქალაქეები არიან, სამხედრო სამსახურს გაწვევის დროს ასრულებენ იმ მხარეში, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ“, - ნათქვამია დოკუმენტში. ის ფაქტი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაავალა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების გაფორმება აფხაზეთთან, 9 სექტემბერს გახდა ცნობილი.  

ინალ არძინბა: ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე შეთანხმება, შესაძლოა, გადაიხედოს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ რუსეთთან შეთანხმება შესაძლოა გადაიხედოს. სალომე ზურაბიშვილი: იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა მისი თქმით, მოსკოვმა და სოხუმმა „მივიდნენ ერთობლივ მოსაზრებამდე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელშეკრულების ტექსტში ასახულიყო თეზისი მესამე პირებისთვის ობიექტის გადაცემის შეუძლებლობის შესახებ". „ამ თემაზე ანგარიშს ვამზადებ სახელმწიფოს მეთაურისთვის. მედიას დროულად შევატყობინებთ“, - განაცხადა მან.  ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დოკუმენტი 2022 წლის 19 იანვარს მოსკოვში გაფორმდა. შეთანხმებას აფხაზეთის თვითგამოცხადებული მთავრობის დე ფაქტო პარლამენტის რატიფიცირება სჭირდება.  მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მდებარეობს ობიექტი და ზღვის მიმდებარე ტერიტორია, რუსეთის მხარეს (ყოველი ნაკვეთისთვის წელიწადში 1 რუბლის გადახდით) 49 წლიანი იჯარით გადაეცემა.  ოპოზიციური ძალები და საზოგადოების წევრები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია საკანონმდებლო ორგანოდან დოკუმენტის გატანა.ადამიანის უფლებათა კომისარი აფხაზეთში ასიდა შაკრილი, პარლამენტის დეპუტატებს მოუწოდებს, რომ აფხაზეთის მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტი აღკვეთონ.  შეგახსენებთ, ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის.  

მედიის ცნობით, უკრაინის მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთში ინალ არძინბას დაკავება სცადეს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა „მინისტრ“ ინალ არძინბას უკრაინის მოთხოვნის საფუძველზე აკავებდნენ სტამბოლის აეროპორტში. ამის შესახებ Ekho Kavkaza ტელეგრამ არხ „Легитимный“ -ზე დაყრდნობით წერს. თუმცა Абхазия Центр-ი აღნიშნავს, რომ ხსენებული ინფორმაცია საეჭვოა და სავარაუდოდ, თურქეთის სადაზვერვო სამსახურმა MIT-მა აეროპორტში არძინბა გარკვეული დროით შეაყოვნა, შემდეგ კი, გადაადგილების ნებართვა მისცა.  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია. ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა ე.წ. მინისტრი, ინალ არძინბა 22 ივნისს თურქეთში ჩავიდა. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო უწყების ინფორმაციით, არძინბამ ხაზი გაუსვა თურქეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე, რუსი კოლეგების ჩართულობით „აფხაზეთის საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებისა და საინფორმაციო პოლიტიკის გააქტიურების მნიშვნელობას“. სტამბოლში ინალ არძინბა პრო-რუსული და ანტი-ამერიკული პოზიციის მქონე პარტია „სამშობლოს“ ლიდერს, დოგუ პერინჩეკს შეხვდა. პერინჩეკმა მხარი დაუჭირა თურქეთის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო სუვერენიტეტის აღიარებას. მან დაარწმუნა არძინბა, რომ ამ მიზანს უახლოეს მომავალში ერთობლივი ძალისხმევით მიაღწევენ და ხაზი გაუსვა ჩრდილოეთ კვიპროსთან დიალოგის ხელშეწყობის მნიშვნელობას. ამასთან, პერინჩეკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თურქეთის მოქალაქეების 90% მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკას“. თავის მხრივ, არძინბამ აღნიშნა, რომ რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ (ასე უწოდებს რუსეთი მის მიერ უკრაინში წარმოებულ ომს) უკრაინაში არის „ნაბიჯი ახალი და უფრო სამართლიანი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის ჩამოყალიბებისკენ“. 27 ივნისს არძინბა თურქეთში რუსეთის ფედერაციის ელჩს ალექსეი იერხოვს შეხვდა. არძინბა უკრაინის მიერ ძებნილთა სიაშია. ვრცლად ამავე თემაზე გაეცაენით: ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა ე.წ. მინისტრი თურქეთში იმყოფება  

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა ე.წ. მინისტრი, ინალ არძინბა ჩრდილოეთ კვიპროსში ჩავიდა

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა ე.წ მინისტრი, ინალ არძინბა ჩრდილოეთ კვიპროსში ჩავიდა. მისი თქმით, „აფხაზეთი შეისწავლის ჩრდილოეთ კვიპროსთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს". „არძინბას თან ახლავს რუსეთის ფედერაციის სენატორი, ალექსანდრ ნეკრასოვი, რომელმაც განაცხადა, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკა ტურიზმის და პერსპექტივების კუთხით გაცილებით უფრო მიმზიდველად გამოიყურება", - წერს საინფორმაციო სააგენტო "აფსნიპრესი". ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული სახელმწიფო მხოლოდ თურქეთის მიერაა აღიარებული. ის კუნძულ კვიპროსის მესამედს იკავებს და კვიპროსის რესპუბლიკის საზღვრებში მდებარეობს. ჩრდილოეთ კვიპროსი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული თურქეთისგან ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერაზე. აღსანიშნავია, რომ არძინბა მანამდე თურქეთში იმყოფებოდა.  

ინალ არძინბამ „თანამდებობა“ დატოვა – მედია

ტელეგრამ-არხის D News Abkhazia-ს ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ „გადადგომის“ შესახებ განცხადება დაწერა. რადიო თავისუფლების თანახმად, მანამდე კტელეგრამ-არხმა „ლეგიტიმნი“ წერდა, რომ „კრემლში უკრაინის ყოფილი კურატორი ინალ არძინბა მოსკოვში ბრუნდება“, იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს „კოლექტიურ დასავლეთთან იდეოლოგიურ“ ბრძოლაში. მასალაში მითითებული იყო, რომ არძინბა იმუშავებს „რუსეთ-ბელარუსის“, „მოკავშირე სახელმწიფოს“ მიმართულებით. არძინბას გადადგომის შესახებ ცნობა ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა. ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელად 2021 წლის 17 ნოემბერს „დაინიშნა.“ ის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავია. განათლება მიღებული აქვს მოსკოვში, ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში, მსოფლიო ეკონომიკისა და მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტზე 2007-2012 წლებში. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში; დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლად; ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქ კირილთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს. უკრაინაში მას ადანაშაულებენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში - უკრაინის სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში. კრემლში ის კურირებდა ურთიერთობას დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან. უკრაინამ არძინბას საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 2015 წელს ის უკრაინის მტრების სიაშიც მოხვდა. 2017 წელს, ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით, ინალ არძინბას მიენიჭა მე-3 კლასის სრული სახელმწიფო მრჩევლის წოდება. ცნობისთვის, აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მტკიცედ უჭერს მხარს და მოსკოვს მოუწოდებს, გაიყვანოს რუსული ძალები საქართველოდან.  

მედია: ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ბელორუსისგან „ეკონომიკურ აღიარებას" მიაღწიეს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა აცხადებს, რომ ბელორუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკამ გადაწყვიტა, „აფხაზეთის რესპუბლიკასთან“ საბაჟო გადასახადისგან თავისუფალი ვაჭრობა უზრუნველყოს. ბელორუსის მხრიდან ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. აფხაზური სააგენტო „აფსნიპრესი“ წერს, რომ არძინბამ ლუკაშენკას „გადაწყვეტილება“ 14 სექტემბერს გააცნო ახალი ათონის, გუდაუთის, გაგრის და ბიჭვინთის „ადმინისტრაციების აქტივს“. „დე ფაქტოდ ჩვენთვის ეს ეკონომიკურ აღიარებას ნიშნავს“, - განაცხადა არძინბამ. გარდა ამისა, რადიო თავისუფლება წერს, რომ არძინას თქმით, იგეგმება „აფხაზეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების საქმიანი საბჭოს შექმნაც“. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გასული წლის 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ბელორუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო 28 სექტემბერს შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიულ ადგილებს ეწვია. „შეხვედრა გაიმართა „აფხაზურ მიწაზეც“. „ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა და ასლან ბჟანიამ ეკონომიკური პროექტები და ბელორუსსა და „აფხაზეთს შორის“ თანამშრომლობის სფეროები განიხილეს,“ - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ბელორუსს არ აქვს „აღიარებული“ რუსეთის მიერ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. ევროკავშირის ელჩი: ვგმობთ ბელორუსის ე.წ. პრეზიდენტის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. რაც შეეხება ლუკაშენკოს, მას ევროკავშირი არ აღიარებს. ბლოკს ბელორუსის ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ, არაერთი სანქცია აქვს ამოქმედებული. დასავლეთმა მძიმე სანქციები რუსეთს მას შემდეგ დაუწესა, რაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს. რა ხდება ბელორუსის შემთხვევაში? ვრცელდება თუ არა მასზეც სანქციები იმ როლისთვის, რომელსაც ლუკაშენკოს რეჟიმი ამ ომში ასრულებს? ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელარუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელარუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელარუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა. შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ. გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტის, მინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც. 2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელარუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელარუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელარუსთან ვაჭრობის და ბელარუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა. 2023 წლის 3 აგვისტოს ევროკავშირმა შემოიღო დამატებითი შემზღუდავი ზომები, რის შედეგადაც ბელარუსზე დაკისრებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს შეესაბამება. ამაში შედის: იმ საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტის აკრძალვა, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ავიაციასა და კოსმოსურ ინდუსტრიაში — მაგალითად, ესაა საავიაციო ძრავები და დრონები; ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ნაწილების თუ არსებითი კომპონენტებისა და ტყვია-წამლის ყიდვის, მომარაგების, ტრანსფერის ან ექსპორტის აკრძალვა; დამატებითი საექსპორტო შეზღუდვები იმ საქონელზე, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის იყენებს — მათ შორისაა ნახევარგამტარი მოწყობილობები, ელექტრონული ინტეგრალური სქემები, სამეწარმეო და სატესტო აღჭურვილობა, ფოტოკამერები და ოპტიკური ნაწილები; და ორმაგი გამოყენების საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტის აკრძალვის გახანგრძლივება. გარდა ამისა, ევროკავშირმა ბელარუსში დამატებითი სანქციები დაუწესა იმ 38 ფიზიკურ და 3 იურიდიულ პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, რომლებსაც წვლილი შეაქვთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ძალების რეპრესირებაში და რომლებიც სარგებელს იღებენ ლუკაშენკოს რეჟიმისგან და მხარს უჭერენ მას. ამჟამად ბელარუსში ევროკავშირის შემზღუდავი ზომები ჯამში 233 ფიზიკურ და 37 იურიდიულ პირზე ვრცელდება.  

არძინბა: ჩვენი კარი დაიხურება ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევენ

16 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ შეხვედრა გამართა ოკუპირებულ სოხუმში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების ხელმძღვანელებთან. „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ მედიაცენტრის ცნობით, "შეხვედრაზე განიხილეს ურთიერთქმედების აქტუალური საკითხები და საერთაშორისო სტრუქტურების პროექტების კოორდინაციასთან ახალი მიდგომები, რაც მალე აისახება ოფიციალურ დოკუმენტში - აფხაზეთის პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ბრძანებულებაში.“ არძინბამ აღნიშნა, რომ გაეროს სააგენტოებმა უარი განაცხადეს შეხვედრაში მონაწილეობაზე. მისი თქმით, ეს აღიქმება, როგორც გაუმჭვირვალე საქმიანობის დადასტურება და ინფორმაციის დამალვის მცდელობა. „მათთვის, ვისაც აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობების დანგრევა სურს და აფხაზეთის რესპუბლიკას „ოკუპირებულ ტერიტორიად“ განიხილავს, უახლოეს მომავალში ჩვენი კარი დაიკეტება,“ - განაცხადა არძინბამ. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთში მიმდინარეობს პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს „კრემლის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას“, ასევე, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“. არძინბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაეროს სააგენტოები “აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეზინფორმაციას აწვდიან მათ მიერ განხორციელებული პროექტების რეალურ მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებით, რაც დასტურდება „პროექტების პრაქტიკული განხორციელებითა და პუბლიკაციებით აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურ ვეგვერდზებზე.“ ცნობისთვის, აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მოსკოვმა საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები ქვეყნის ტერიტორიიდან.

ე.წ. მინისტრი არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის „აგრესიულ იზოლაციაზე“ საუბრობს

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დე ფაქტო ხელმძღვანელმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ ოკუპირებულ რეგიონს არ ეძლევა „სუნთქვის“ საშუალება - კონტაქტები იბლოკება, რაც მას საერთაშორისო ასპარეზზე „აგრესიულ“ იზოლაციაში აქცევს. ე.წ. მინისტრმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩებთან ონლაინ შეხვედრისას დაიჩივლა, რომ მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილის ქვეყნები ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას კი არა, ოფიციალურ თბილისს ესაუბრება. პოლიტიკურ დონეზე „საერთაშორისო პარტნიორებთან“ კონტაქტებში დაბრკოლებების შექმნის გარდა, არძინბა „საქმიანი კონტაქტების“ დონეზე შეზღუდვებზეც საუბრობს. „და - „კულტურული და ჰუმანიტარული იზოლაცია“, როცა „აფხაზ სპორტსმენებს, მეცნიერებს, ხელოვანებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ მსოფლიო ღონისძიებებში,“ - ამბობს ე.წ მინისტრი. ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დე ფაქტო ხელმძღვანელი რეგიონის იზოლაციის მცდელობებთან ბრძოლის „ყველაზე ეფექტიან“ საშუალებებზე მიუთითებს. მათ შორისაა, საკუთარი მედიის შექმნა „საზღვარგარეთ“ საინფორმაციო ომის „მოგების“ მიზნით და - „მასშტაბური ღონისძიებების“ გამართვა ოკუპირებული აფხაზეთის „კულტურული და საქმიანი იმიჯის“ პოპულარიზაციისთვის. არძინბა „აგრესიული იზოლაციის“ შესახებ განცხადებებეს აკეთებს იმ ფონზე, როდესაც სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი ოკუპირებულ რეგიონში არ შეუშვეს. გარდა ამისა, არძინბა აცხადებდა, რომ კარი „სამუდამოდ დაკეტილია“ მათთვის, ვინც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. ასევე ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ „ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი „კიდევ უფრო იმედგაცრუებული დარჩებოდა უახლოეს მომავალში.“ შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტები აკრძალა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი. USAID ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრის გადაწყვეტილებაზე: ვაკვირდებით სიტუაციას

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ე.წ. მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ბჟანიამ შესაბამის „ბრძანებას“ ხელი დღეს, 7 მაისს, მოაწერა. 33 წლის „მინისტრის" გადაყენების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შესრულება დაავალა მოადგილეს, ირაკლი ტუჟბას. ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა. მანამდე არძინბა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოსაც. ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ინიცირებული „აგენტების კანონის" აქტიური მხარდამჭერია.